ელისო კილაძემ გუბერნატორზე მომზადებულ სტატიაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაარღვია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ „ქრონიკა +“ -ის რედაქტორმა ელისო კილაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე ლევან შონიაზე მომზადებულ სტატიაში დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განმცხადებელი, გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სადაოდ ხდიდა, გაზეთ „ქრონიკა +“-ის 24-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!“ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ელისო კილაძემ “განზრახ დაამახინჯა ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა”.

ქარტიაში მიმდინარე წლის 6 ივლისს შესული განცხადების თანახმად: „ელისო კილაძემ არ გამოიკვლია ჭეშმარიტება, არც კი უცდია სიმართლის დადგენა და ენდო ერთ ინკოგნიტო წყაროს. მას არ დაურეკავს არც გუბერნატორთან და არც მის პრესსამსახურში, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისგან მიეღო ინფორმაცია. ელისო კილაძემ  არ გადაამოწმა ფაქტები რათა გაზეთში დაბეჭდილიყო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, მან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განზრახ დაამახინჯა ფაქტები, მოიგონა სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა. ელისო კილაძე ცდილობდა საქმიანი  რეპუტაცია შეელახა ლევან შონიასთვის და ის ცრუ ინფორმაცია, რისი გავრცელებაც თვითონ სურდა „ინკოგნიტო წყაროს“ მიაწერდა. ელისო კილაძე გაზეთის გამოსვლამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლევან შონიას „ომსაც უცხადებდა“ და „მასალის გამოცხობასაც“ კი აანონსებდა“ – ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ ეთიკის ქარტიაში შესულ განცხადებაში.

პაატა ლაგვილავა ერთადერთი არ იყო, რომელმაც ელისო კილაძეს ამ კონკრეტული სტატიის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. კილაძეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა მოქალაქე თამარ შონიაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ სტატიაში ელისო კილაძემ თამარ შონიას მამაზე ზურაბ შონიაზე (იგივე „პუშკინა“) ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა და მას როგორც ფაქტს ისე წარუდგენდა მკითხველს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვირა რომ ელისო კილაძემ ამ შემთხვევაშიც დაარღვია ჟურნაალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი