ენგურის ხიდი ჩაიკეტა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, – ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ უსაფრთხოების ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია “საქართველოში, მათ შორის, საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ზუგდიდში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რაც, შესაძლოა, საშიშროებას წამოადგენდეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისთვის”.

უსაფრთხოების ზომად უწყება სწორედ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის დროებით ჩაკეტვას მიიჩნევს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიზღუდა “უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი