ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.

„ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს.

თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისათვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე, რომელზე გადასვლაც, უმეტესწილად, შეტყობინებაში მითითებული ფიშინგის ბმულით ხდება. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ ვებგვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის ვებგვერდი, სხვადასხვა გადახდების ვებგვერდი). გაყალბებულ ვებგვერდზე, რომელიც ინტერნეტ-ბანკის მსგავსია, მომხმარებლის დასახელების (user name), პაროლისა და სხვა უსაფრთხოების მონაცემების შეყვანით, თაღლითები იძენენ მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომას, ხოლო გადახდების ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ გამჟღავნებული ბარათის ნომერისა და უსაფრთხოების სამნიშნა კოდის საშუალებით თაღლითებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტ სივრცეში არასანქცირებული გადახდები განახორციელონ“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი