იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, 6 ივლისისთვის უკვე არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, ბილეთების მოქალაქეებისთვის მისაღები ფასებით.
„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან. ამიტომ, ორშაბათს, შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე უნდა არსებობდეს კონკრეტული ქალაქებიდან რეისების განრიგი, უახლოეს პერიოდში რომელი ქალაქებიდან დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის მისაღებ ფასად. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.