ე.წ. პოლიტიკოსები არ ასცდებიან პასუხისმგებლობას – პრემიერი

“ნაციონალურ მოძრაობას” სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად – პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა – ბოროტება, ეს არავის გამოუვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში ჟურნალისტებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავსი ქმედებები, რაც 20-21 ივნისს საზოგადოებამ იხილა, დაუშვებელია და მას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

“მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიციელი იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის 20 ივნისის მოვლენების შეფასება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რათა მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა და შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარალებულები – ჩვენი ახალგაზრდები და პოლიციელები. ამ ყველაფეერს მიეცემა სამართლებრივი შეფასებები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ის პროცესი, რომელიც 21 ივნისიდან მიმდინარეობს, ამის ნათელი დემონსტრირებაა. ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არ ასცდებათ იმ ე.წ პოლიტიკოსებს, უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის არა მხოლოდ მთავრობისა და მმართველი პოლტიკური გუნდის წევრების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაც.

“სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა. ძალიან მძიმეა და მტკივნეულია, რომ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და სოლიდარული ვარ ამ ნაწილში. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი