ფინანსთა მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მოღვაწე მცირე მეწარმეებს ახალი საგადასახადო ინიციატივები გააცნო

ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწე მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ.

შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და მინისტრის მოადგილემ – ლაშა ხუციშვილმა, მეწარმეებს რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი.

“ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში საგადასახადო თვალსაზრისით. ხუთჯერ მცირდება გადასახადი 5%-დან 1%-მდე მაშინ, როდესაც ხუთჯერ იზრდება ზღვარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. სამეგრელოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, იმისთვის რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმა ძალიან კარგად გამოიყენოს. ჩვენ მნივშნელოვან პროგრესს ვხედავთ სამეგრელოში ტურიზმის ზრდის კუთხით, ასევე, სამეგრელოში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში – ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის სახით, სადაც მე იმედი მაქვს, საშულება იქნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება. ვფიქრობთ, რომ ის შეხვედრები, რაც ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავმართეთ, იყო ძალიან ნაყოფიერი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაგვეხვეწა ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა,“ – განაცხადა შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

როგორც შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი