ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის გარდაცვალების საქმეზე 2 პოლიციელი დამნაშავედ 1 კი უდანაშაულოდ ცნეს

გორის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა. ხაბელაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პატრულ-ინსპექტორი ზურა რუსიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში და უდანაშაულოდ ცნო 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რუსიშვილს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით მიესაჯა.

გია სადაღაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და ექვსი თვის ვადით მიესაჯა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას სამართალდამცველებმა გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი