ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ “TV”4-მა პროტესტის ნიშნად დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებული განცხადების თანახმად მიზეზად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სახელდება.

„TV4“ 21 წელია, საკუთარ ქალაქს და მთელ რეგიონს ემსახურება. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან. ჩვენ ვასრულებდით მედიატორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო.

თუმცა დღეს, 21 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

გარკვეული ძალები ცდილობენ ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს „TV4“-ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში.

მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. „TV4“ და რადიო 4-მა მაუწყებლობას დროებით შეწყვიტეს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი.

განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი „თვითმმართველი“ ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე.

ჩვენ ვწყვეტთ მაუწყებლობას! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია, დაგემშვიდობოთ“, – ნათქვამია ტელეკომპანია „TV4“-ის განცხადებაში.

 

,

"ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის" სპეციალური განცხადება

Posted by TV4.ge on სამშაბათი, 26 მარტი, 2019

კომენტარები

დატოვე კომენტარი