ფოთში ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა

ფოთში ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი ხომალდების კაპიტნებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირვინით შეამკეს. მოგვიანებით კი, მერიის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ გულთბილი დახვედრისთვის, რომელიც საქართველოში მომიწყვეს. მოუთმენლად ველოდები დარჩენილ დღეებს, რომლებსაც აქ გავატარებ და ასევე ველოდები ერთობლივ წვრთნებს, რომელსაც ვგეგმავთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს მუდმივმოქმედი შენაერთების ხელმძღვანელმა მაიკლ ეთლმა.

ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი 4 ქვეყნის – ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები ფოთის პორტში დღეს დილით შევიდნენ.

ხომალდები ფოთის პორტის ნავმისადგომში 18 მაისამდე დარჩება და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი