გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ზუგდიდში პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიის აქტივისტებს სანდრა რულოვსის პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს პოლიციამ და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს პლაკატების გაკვრაში, რაც კანონდარღვევაა.

“5 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ახალგაზრდები აკრავდნენ პლაკატებს, როდესაც მათ მიუვარდნენ უცნობი პირები, იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეშალათ, ასევე ძალიან მალე ადგილზე გამოცხადდა ქალაქის პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ასევე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პლაკატების გაკვრაში. ამავდროულად, “ქართული ოცნების” აქტივისტები ფაქტობრივად მთელ ქალაქში ახდენენ ჩვენი კანდიდატის პლაკატებზე საკუთარი კანდიდატის პლაკატის გადაკვრას და სანდრა რულოვსის პლაკატის ჩამოხევას, რაც არის კანონის დარღვევა და ამაში მათ ეხმარება მერიის თანამშრომლები, ისევე, როგორც პოლიცია. მე მოვუწოდებ ივანიშვილს, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ნუ ახდენს ყველა ინსტიტუტის პოლიტიზირებას“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, სოფელ ინგირში მათი კანდიდატის პლაკატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია, რომელიც მეუღლე ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი