ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმდა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ეს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე დილით გამოქვეყნდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამორიცხავს ღარიბაშილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გაუქმებულიყო და აღნიშნავს, რომ გუშინ პრემიერს ჰქონდა ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ბრიუსელში.

„მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სტოლტენბერგს ჰქონდა, ეს იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან ბრიუსელში. არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. შეხვედრა გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”, – განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მიზეზი, მაშინ როგორ მოახერხა სტოლტენბერგმა ფინეთსა და შვედეთთან შეხვედრის გამართვა, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ვერ შევა დეტალებში, როდის გახდა სტოლტენბერგი ცუდად.

„მე იქ ვიყავი ადგილზე? რა ინფორმაციაც მაქვს, ამას გეუბნებით, იქ ადგილზე გახდა ცუდად თუ დილით ყავის სმის დროს, არასერიოზულია ასეთი მსჯელობა,”- განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი