გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირება მოხდება

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი