ჭუბერში, სტიქიის ზონაში, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და დაზიანებული ინფრატსრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.
ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი ნაპირსამაგრი, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები და დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაათვალიერეს.
“მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე გაგრძელდებოდა, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, ხიდის მონტაჟი დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდა”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები – საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.
ადგილზე ამ დროისთვის, 60-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
5 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა.