ათენში ხანძრის ზონიდან საქართველოს მოქალაქე გამოიყვანეს

საბერძნეთში საქართველოს საელჩომ ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. მიმართვაში უწყება “ცხელი ხაზის” ნომერს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

„გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან. მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, საელჩოს ცნობით, საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

საბერძნეთში ხანძარი 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა, დაღუპულთა რაოდენობა კი 50-მდეა.

(ფოტო – როიტერსი)

კომენტარები

დატოვე კომენტარი