ირაკლი კაკულიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალდებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

ირაკლი კაკულიას ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ბრალდება ვარაუდებზეა დამყარებული.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი კაკულიას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალდება. დაახლოებით 10 ტომია როგორც მეუბნებიან და ერთი შეხედვით რასაც გავეცანი, ეს არის უფრო ვარაუდებზე დამყარებული, ვინაიდან ამ ბრალდების ფორმულირების მიხედვით რაც მე გადმომეცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კაკულიას მიმართ რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები იყოს. ამასთანავე, საუბარია თითქოს ქრთამის თუ თანხის მოთხოვნაზე, რაზეც უნდა არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულება, ამისთვის ვიღაცის ვარაუდი ან რაღაც საუბარი, მითუმეტეს, სამოხელეო დანაშაულთან მიმართებაში, ერთი შეხედვით მეჩვენება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ასე, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით გამოვკვეთოთ და მის მიერ შესაძლო დანაშაულთან მიმართებაში წარდგენილი ბრალდება სრულიად გავაბათილოთ. სამართლებრივი დავის გაგრძელებას ვგეგმავთ. ჩვენ ვეცდებით ირაკლი კაკულიასთან ერთად კვალიფიციურად, დასაბუთებულად დავამტკიცოთ, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო”, – განაცხადა ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად კიდევ 3 პირი გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი