ჯიხაშკარის გამგებელს თანასოფლელი ცემაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის გამგებელს ავთო მარღიას, თანასოფლელი გია ბაგათელია ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს.

როგორც თავად დაზარალებული ჟურნალისტებთან აცხადებს, მის და გამგებლის ოჯახებს 5 წელია ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. ბაგათელიას თქმით, კი კონკრეტული შემთხვევა მის ჭიშკართან გამგებლის ავტომობილის გაჩერებას მოყვა. მათ შორის  სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირიპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბაგათელიას მტკიცებით, სოფლის რწმუნებულმა მას ხელთნაკეთი ე. წ. დუბინკა თავში ჩაარტყა და გონება დააკარგვინა. დაზარალებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს და ის მკურნალობას ახლა სახლში გადის.

ინციდენტის მონაწილეები პოლიციის განყოფილებაში უკვე დაიკითხნენ. თავად დაზარალებული ექსპერტიზაზე ქუთაისშიც იმყოფებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, newsportal.ge ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ ოფიციალურ  კომენტარი  მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

შსს-ს ცნობით,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი