შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევის შედეგად გათიშულ უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია, დანარჩენებზე კი უახლოეს პერიოდში აღდგება.
უწყების ინფორმაციით ცნობით, 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
„შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. “დიფეისი” (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური. 28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.