კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენეს

კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან 22 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შსს-მ 6 პირს ბრალი წაუყენა.

ამის  შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: სსკ-ის 239-ე მუხლი გულისხობს ხულიგნობას, ანუ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი
ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის
მიმართ;
გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ,-
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ
წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. (28.04.2006.
N2937)

კომენტარები

დატოვე კომენტარი