ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა

გუშინ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი (იგივე ახმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც.

ცნობილია, რომ 2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, სასტიკად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს, რის შემდეგაც მას „ცალხელა ახმედას“ სახელითაც კი მოიხსენიებდნენ. 2003 წელს მან სხვა სახელითა და გვარით ავსტრიის ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსის მიღება მოახერხა. 2007 წლის მარტში, ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით, შვედეთში დააკავეს. 2010 წლის იანვარში კი უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი ჩატაევის ექსტრადირებას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსმა უშველა და დეპორტაცია რუსეთის ნაცვლად საქართველოში განახორციელეს. ამ დროიდან ჩატაევი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სადაც მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა. 2011 წლის მაისში ის კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე, რუსეთი კვლავაც ითხოვდა ექსტრადირებას, თუმცა უფლებადაცვითი ორგანიზაციების ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს.

ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მისი გვარი ევროკავშირის „შავ სიაშიც” მოხვდა, როგორც განსაკუთრებით საშიში ტერორისტი.

2015 წლის მარტში გამოჩნდა პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ახმედ ჩატაევი სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ დაჯგუფებას „იარმუკს” ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული სპეცოპერაცია განახორციელა, რომლის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები.

სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცნაზელი დაიჭრა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი