მაჩალიკაშვილის ადვოკატი: “გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება აუცილებლად იქნება”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და მის უფლებადამცველები პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დღეს პრემიერისგან კიდევ ერთხელ მიიღო სამძიმარი, და  პირობა, რომ ამ საქმეზე ის გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.

“ჩვენ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა ყველაფერზე, დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, ასევე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას. პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, ვინ იქნება დასჯილი და ა.შ. თუმცა ჩვენს მოთხოვნებზე, ის რაც ადეკვატურია, უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება. კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება, თუკი ამის საფუძველი იარსებებს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ კუბლაშვილმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი