მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სირცხვილია ოპოზიციური შეკრებებიდან ინფორმაციის გამოტანა, რაშიც გულისხმობდა ალეკო ელისაშვილის სიტყვებს, რომელმაც “ლელოს” ლიდერს რევლუციური სცენარის მხარდაჭერაში დასდო ბრალი. ხაზარაძემ ელისაშვილს ავანტიურისტი და მატყუარა უწოდა.

“ძალიან ვერიდებოდი ამ ყველაფრის პირდაპირ თქმას, მაგრამ თქვენ, ბატონო ალეკო, პირდაპირ გეუბნებით, ხართ მატყუარა და ავანტიურისტი. თქვენ ლაპარაკობთ “ქართული ოცნების” დავალებით. თქვენ თუ გინდათ, შედით პარლამენტში, არავინ ხელს არ გიშლით, ამ ქაოსს თავი დაანებეთ, “ოცნების” მუსიკას ჩვენ ნუ გვასმენინებთ”, – მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მატყუარა, უსინდისო და ხალხის მყვლეფავი უწოდა. თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს ურჩია, ოპოზიციურ შეხვედრებზე არ გამოჩნდეს, რადგან მისთვის ხელის ჩამორთმევას და მის გვერდით დგომას არ აპირებს.

“არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი. ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს, სად ისწავლე ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა. ჩვენ გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს,”-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს კიდეც, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს, რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერის” სტუდია დატოვა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი