მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ანაკლიაში უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია – ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან, უნდა ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ.

„ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი