მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდების გაუქმებიდან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყება განმარტავს, რომ წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30 პროცენტის და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისი-31 მაისი განისაზღვრა.

ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეები საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად დარეგისტრირდებიან.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 პროცენტი და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, შესაბამისად, ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე თავისუფალი დასწრების რეჟიმი დაიშვებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი