მესტიაში მოსახლეობას დენს გრაფიკით მიაწვდიან

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგიას გრაფიკით მიაწვდიან, მერია მიზეზად “მაინერების მომრავლებას” ასახელებს. ამის შესახებ მერიამ ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მესტიის მუნციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე.

“ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით, “დასამალი” არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. მერია ენერგო-პრო ჯორჯიაზე დაყრდნობით წერს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. მათი განცხადებით, ამის ფონზე, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, ხოლო “საყურადღებოა ისიც”, რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

“არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური), რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს ენერგო-პრო ჯორჯიას უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, გრაფიკი ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე გაგრძელდება. მათი თქმით, მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ “იოლი” ფულის მიღების სურვილს” მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი