„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ დევნილების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც შენგელია განმარტავს, 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, 2020 წლის ბოლომდე კი ზუგდიდში არც ერთი ავარიული კომპაქტური დასახლება არ იარსებებს.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში დავიწყეთ კორპუსების მშენებლობა, სადაც, მოხდა დევნილების განსახლება. 1 700-მდე დევნილი განსახლდა, როგორც ამ კორპუსებში, ასევე, მათთვის კერძო სახლების შეძენა მოხდა. წელს 360 ბინიანი კორპუსი შენდება დევნილებისთვის, მომავალ წელს კი 720 ბინიანი საცხოვრებელი ბინა აშენდება. ყველაზე პრობლემური საკითხი კომპაქტური ჩასახლებებია, სადაც, აფხაზეთის კომფლიქტიდან 26 წლის გასვლის შემდეგაც კი, ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ზუგდიდში კომპაქტური დასახლება არ იარსებებს, რაც, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და დევნილთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგი იქნება. ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც მე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას“, – განმარტა გიორგი შენგელიამ.