22 სექტემბერს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება. მეკლდეურეები ჭალაადში, ბუნებრივ კლდეზე ინდივიდუალურ ცოცვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
ტურნირი 19 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეოაბს იღებენ საქართველოს რეგიონების გუნდები და აზერბაიჯანის მეკლდეურთა გუნდი. ტურნირის ფარგლებში უკვე გაიმართა შეჯიბრი საერთაშორისო წესების მიხედვით რთულ ცოცვაში და სწრაფ ცოცვაში ხელოვნურ რელიეფზე, სადაც გოგონათა და ვაჟთა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
საერთაშორისო ტურნირი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
„კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო ტურნირი მეკლდეურობაში, 2009 წლიდან (2011 წელს მიენიჭა ოფიციალური სტატუსი) იმართება და მასში ქართვეელ მეკლდეურეებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.