„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, გუშინდელ სხდომაზე , რომელზეც ქვარაიამ თანამდებობა დატოვა, სწორედ აღნიშნულ საკითხებზე სურდა საუბარი, რისი საშუალებაც არ მისცეს და სხდომა რეგლამენტის დარღვევით დახურეს.
“სწორედ ქვარაია ლობირებდა საკრებულოს წევრ ფიფიას მამის და მერის მოადგილის სიმამრის კომპანიებს, რომლებიც მუდმივად იგებენ ტენდერებს. ის იყო ყველაზე სუსტი საკრებულოს თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ ეკონტროლებინა აღმასრულებელი ორგანოები”, – აღნიშნავს წითლიძე.
მისივე თქმით, ამ საკითხების ირგვლივ არაერთი საჯარო განცხადება გაკეთებულა, თუმცა საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან.
ბრალდებებს პასუხობს თავად ქვარაია, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ აგონიაშია.
“ძალიან კარგად გრძნობს “ნაციონალური მოძრაობა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები მათთვის, მათი პოლიტიკური აგონია სრულიად გასაგებია. 2016 წლის არჩევნები “ქართული ოცნების” გამარჯვებით დასრულდება და საბოლოოდ დაესმება წერტილი ამ დამნაშავე ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.