NDI-ის კვლევა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

“ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, 74 პროცენტი (NDI-ის კვლევების ისტორიაში მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა) აღნიშნავს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას.

ამასთან, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ასახელებს კონკრეტულ პარტიას, როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფს.

მოქალაქეების 18 პროცენტი ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 3 პროცენტი – “ლეიბორისტულ პარტიას”. ყველა სხვა პარტია რესპონდენტთა 3 პროცენტზე ნაკლებმა დაასახელა.

იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების თარიღი და ყველა კანდიდატის ვინაობა ჯერ უცნობია, კონკრეტული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების ბედზე.

იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი კენჭს იყრის არჩევნებში, გამოკითხვის თანახმად, კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდება: “ქართული ოცნების” კანდიდატი – 12 პროცენტი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი – 10 პროცენტი, მოქმედი პრეზიდენტი – 6 პროცენტი, დავით ბაქრაძე (“ევროპული საქართველოს” კანდიდატი) – 6 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი (“ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატი) – 4 პროცენტი.

თუ მოქმედი პრეზიდენტი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხვაში “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერა 17 პროცენტამდე იზრდება, სხვა კანდიდატების მაჩვენებლები კი სტატისტიკურად იგივე რჩება.

გამოკითხვაში მოქალაქეებს მეორე ტურის შესაძლო სცენარებზეც დაესვათ კითხვა. ყველა წარმოდგენილი სცენარის შემთხვევაში, “ქართული ოცნების” კანდიდატს დაახლოებით 32 პროცენტი მისცემდა ხმას. მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს 20 პროცენტი მისცემდა ხმას, დავით ბაქრაძეს – 20 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს – 11 პროცენტი, შალვა ნათელაშვილს კი – 18 პროცენტი. ოდნავ განსხვავებული სურათი იქმნება მეორე ტურში მარგველაშვილისა და “ქართული ოცნების” კანდიდატის შერკინების შემთხვევაში. ასეთი არჩევანის პირობებში, მოსახლეობის 26 პროცენტი “ქართული ოცნების” კანდიდატს, 21 პროცენტი კი მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერდა მხარს. გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობის აზრით, ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დააყენოს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი