ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია “მთავარი არხი” დააფუძნა

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს, ახალი ტელეკომპანია დააფუძნა.

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი. წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ”, – აცხადებს გვარამია.

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ოფიციალურად ახალი არხის 51%-იანი წილის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აღძრა, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი