ნიკანორ მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი! – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, “ნიკანორ მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნიკანორ მელიამ „საკუთარი თავი დაიჭირა“.

„ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს (მხოლოდ ფაქტებს): ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს (ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ);

2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წელს ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი; – სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი , კერძოდ ძალადობრივი რევოლუციით; – დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს; – შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს;

მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ;

პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა – „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი