“ოქსფამი”: “საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს”

საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს.

კვლევის შედეგები დღეს თბილისში მიმდინარე სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს.

„ოქსფამი“ 2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს 4-წლიან პროექტს „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. იმისთვის, რომ მომხდარიყო სასურსათო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება და პროცესში ჩართული მხარეების ცნობიერების დონისა და შესაძლებლობების გამოკვლევა, „ოქსფამმა“ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში საბაზისო კვლევა ჩაატარა, რომელმაც, მათი ინფორმაციით, მნიშვნელოვან საკითხებზე საგანგაშო შედეგები გამოვლინა როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.

საქართველოსთან მიმართებაში კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგნაირია: მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 და ქალებისა და ბავშვების 33-34% მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს; მოხუცი ქალები და ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24-25%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოების პროდუქციაზე, რომელიც მდიდარია A ვიტამინით; ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია, მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს, რეკომენდებული 10 ჯგუფის ნაცვლად, მაშინ როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ან მეტი ჯგუფის საკვებს, ქალები თავს იკავებენ ხორცეულისა და ხილის მოხმარებისგან; საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აღენიშნება; მოსახლეობის 61% – ხორცეულისა და თევზეულის, 45% – ხილის და ბოსტნეულის, 20% კი რძის ნაწარმის დეფიციტს განიცდის; ოჯახების 14% სისტემატურად სესხულობს ფულს სუურსათის შესაძენად; საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით, ცილებით და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობას, ანემიის განვითაებისა და ზრდის შეფერხების რისკს.

კვლევების საფუძველზე და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 4 მიმართულებაზე დაყრდნობით, „ოქსფამმა“ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა: “სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, ხოლო სურსათზე ფასები – ძალიან მაღალი. ამასთან, რეგიონში ძირითადი პრობლემა არის არა კვების უკმარისობა, არამედ ჭარბი სახამებლიანი სურსათი, ხოლო ცილები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებასა და განუვითარებლობას იწვევს. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული საკვების 50%-ზე მეტი იმპორტირებულია და სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების დონე ამ ორ ქვეყანაში გაცილების უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ რეგიონში ან განვითარებულ ქვეყნებში. საყურადღებოა, რომ რეგიონში სურსათის ძირითადი მწარმოებლები და გადამამუშავებლები ქალები არიან – მცირე მეურნეთა 54% საქართველოში და 58.7% სომხეთში ქალია. მთლიანი მოსახლეობის სამუშაო ძალას რაც შეეხება, 53% საქართველოში და 40% სომხეთში სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი. სომხეთის მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 64%, ხოლო საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 54% სურსათზე იხარჯება. ამასთან, სურსათზე მუდმივი ხელმისაწვდომობა მაღალმთიან რეგიონებში უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რაც ისეთი ლოგიკური შემაფერხებელი ფაქტორებით არის გამოწვეული, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და კლიმატი”.

წყარო: www.ipn.ge

კომენტარები

დატოვე კომენტარი