სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურა, ორშაბათიდან კი ფუნქციონირებას სავარაუდოდ, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც შეწყვეტენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა.
„მინდა შევეხო აგრარული ბაზრების მდგომარეობას, გუშინ ჩვენ შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო იმისაკენ, რომ ეს ღონისძიება არ არის ის, რაც სახელმწიფის ინტერესებში შედის, რომ გინდა თუ არა დაიკეტოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იქნას დაცული. სავარაუდოდ, ალბათ ყველა აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმრისი, აქ არის ნაღდი ფულის მოძრაობაშიც პრობლემა და იცით, რომ ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული. ამდენად ჩვენ ვერ დავაყენებთ ვერავის რისკის ქვეშ. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიხუროს ბაზრები. ორშაბათიდან შესაძლოა, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხუროს“, – განაცხადა გუბერნატორმა.
რაც შეეხება ცხელების ცენტრებს, მისი ინფორმაციით, ამჟამად 23 პაციენტის მიღების საშუალება გააჩნია ფოთს.
„ზუგდიდში ცხელების ცენტრი ამჟამად არ გვაქვს, მაგრამ ამ დღეებში გაიხსნება რუხის საავადმყოფო, რომელიც შეძლებს 100 პაციენტის მიღებას და შემდგომ დამატებით 140-ს“, – აღნიშნა მან.