დადგენილების პროექტი – “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ, ახლადფორმირებულმა მთავრობამ პირველივე სხდომაზე მიიღო.
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სპეციალურ სიაში ჯერჯერობით 33 ადამიანია შეყვანილი, თუმცა, სავარაუდოდ, ის კიდევ გაიზრდება:
” 21 მარტს, პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”. ამ სიაში შეყვანილნი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა.
სიაში, ჯერჯერობით, შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან – დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ გამოძიებას, და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”-ს ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს.
“მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომლებიც უნდა გატარდეს ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ – ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტს და მთავრობას.
საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს და უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელების და იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული დაფარეს”, – განაცხადა სხდომაზე მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი – ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.