პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

როგორც მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ სპციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს, რომელსაც აქვს სერიოზული შედეგი ქართულ-აფხაზური საზოგადოებას შორის ურთიერთობების აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის მდგრადობის პროცესზე.

”მსგავსი ტიპის შეთხვევები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი ყველა მხარის მიერ. ვიტოვებთ იმედს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობის განმახორციელებელ ძალებს ამ ტრაგიკული შემთხვევაზე ექნებათ სერიოზული რეაგირება, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას მსგავსი ფაქტების განმეორება, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკას არყევს. ქართულმა მხარემ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ უკვე აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისს მომხდარ მკვლელობას სათანადო შეფასება მიეცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და დამნაშავეები დაისაჯონ. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი