პანკისისში დაპირისპირების შედეგად სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს.

როგორც ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

„შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები.

დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა. მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“,- განაცხადა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი