პარლამენტის შესასვლელები პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.

ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ინგოროყვას ქუჩაზე გადაინაცვლეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ არ ეძლევათ პარლამენტთან პროტესტის გამოხატვის საშუალება. მათივე თქმით, ისინი დარჩებიან საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი