პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა იულია სუსლიაკი გაიტაცეს – ადვოკატი

იულია სუსლიაკი დაკავებულია. გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს. როგორც “კურიერს” სუსლიაკის მეუღლე უყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო და მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავების დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. იულია სუსლიაკმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც შეძლეს.

სუსლიაკის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი ამ დაკავებას უკავშირებენ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც სუსლიაკი ამბობდა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების დღიდან მის გათავისუფლებამდე მომხდარ ამბებზე საუბარს აპირებდა.

იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინაში დეპორტაცია მოხდეს. თოდუა ამბობს, რომ სუსლიაკის დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ეს გატაცება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მან ვერ მოახერხოს კონკრეტული გვარების დასახელება.

„რუსთავი 2″-ის ეთერში მკაფიოდ ითქვა ის ფაქტი, რომ იულია სუსლიაკი ხვალ პირველ საათზე აპირებდა ბრიფინგზე ეთქვა ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარები, ის უკანონობები, რასაც ჩადიოდნენ დაკავების დღიდან მთელი სამი თვის განმავლობაში, სწორედ იმისთვის, რომ ეს არ დაეშვათ. გენერალური პროკურატურის კონკრეტული პროკურორების თეა გიორგაძის და მარიამ გოგორელიანის მითითებით, შსს-ს თანამშრომლებმა, დღეს 08:30 საათზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს იულია სუსლიაკინი, მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია ჩემთვის,“ – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი, მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ სუსლიაკი საქართველოში არ იმყოფება და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი