ფოთის ყოფილ მერს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

როგორც კაკულიას ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, შოთა ბიჭიას მიღებული გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი. შემიძლია აქვე ვთქვა, რომ ის პიროვნულად არის შურისმაძიებელი. მხოლოდ ამ ირიბი მოწმის ჩვენებით თუ შესაძლებელი იყო ქრთამის დამტკიცება, ეს არის გაუგონარი ფაქტი, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და შოთა ბიჭიას მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაუქმებთ”, – ამბობს ის.

ირაკლი კაკულია, სხვა პირებთან ერთად, 2019 წელს დააკავეს. ის მაშინ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, გამოძიება კი მერობის პერიოდში თანხების გაფლანგვას ედავება. ის ფოთის მერი 2014 წლიდან იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი