ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმება. ცერემონია დღეს გაიმართა და მას პრემიერი, ირაკლი კობახიძე დაესწარო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება.
„ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს. ამავდროულად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანიაა. „პეის ჯგუფის“ წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.

