საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე ისაუბრა.
„აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახლახან, სოფელ ხურჩაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეუიარაღებელი ქართველი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა. აღნიშნული ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვების შემუშავებისა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას გვკარნახობს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა კვლავ იქნება მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების კონსოლიდაციისკენ. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას ის სარგებელი და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებსაც გვთავაზობს ჩვენი ევროპული დღის წესრიგი” – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
გიგა ოთხოზორია 19 ივნისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მესაზღვრემ საკონტროლო გასროლით მოკლა.