პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დაკავებულია

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიზე პოლიციამ დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია 11 პირი ე.წ. “მარიხუანას ფესტივალის” ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ჯაფარიძის და ფესტივალის სხვა ორგანიზატორთა დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 11 პირი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი