პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღსრულდება, – ამის შესახებ პროკურატურის გამცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები.

საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი