პროკურატურამ ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ, ზუგდიდის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

“რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ჰყვება, რომ თბილისიდან ჩასულ წარმომადგენელთან იყო შეხვედრაზე, სადაც უთხრეს რომ “ნებისმიერი მეთოდით იმუშაონ”, კერძოდ კი მოისყიდონ წინასაარჩევნოდ მოქალაქეები, და რომ ასევე თანხმობაა “მიცემული გატაცებაზეც”.

გია დანელიას თქმით, ეს ვიდეო მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და ის მონტაჟია.

“დეტალურად არ მაქვს შესწავლილი ის, რამაც გაიჟღერა რამდენიმე საინფორმაციო არხზე. შემდგომ მოგახსენებთ. მე აქაც, საკრებულოშიც, მოედანზეც ვსაუბრობ და ჩემი მონტაჟი შეიძლება მოხდეს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩემს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე თქვენც შეგიძლიათ დაამონტაჟოთ და ნებისმიერი მიმართულება მისცეთ ნათქვამს. ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემს მიმართ”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი