პროვოკაციებით „ნაცმოძრაობა“ ცდილობს გადაფაროს უკვე წაგებული არჩევნები – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში დღეს განვითარებულ მოვლენებს ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას და მიესალმება სამართალდამცავთა დროულ რეაგირებას.

,,დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ, ჩვენი შტაბი და მთლიანად ,,ქართული ოცნება“ ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას. ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია მითუმეტეს საარჩევნო პროცესში. ნიშანდობლივი და მისასალმებელია ის, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედეს ძალიან სწრაფად და ადამიანი, რომელიც იყო ფირზე აღბეჭდილი დაკავებულია და ამ ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.“

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამავდროულად ადგილი აქვს პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ეს პარტია ცდილობს მსგავსი ქმედებებით გადაფაროს წაგებული არჩევნები.

„ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ბევრ პროვოკაციულ ქმედებას აქვს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ძალიან ბევრი აგრესიაა საზოგადოებაში დაგროვილი და ამაზე მანიპულირებით და პროვოკაციებით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გადაფაროს უკვე პრაქტიკულად წაგებული არჩევნები. ჩვენ წინასწარი მონაცემებით დამაჯერებლად ვიმარჯვებთ და ზუსტად ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების წარმომადგენლები და ჩვენი თანამოქალაქეები წამოაგოს პროვოკაციას და ისინი ჩაითრიონ ძალადობრივ ქმედებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ჩვენს თანაქალაქელს, არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს პროვოკაცია არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ და ნებისმიერი ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს. ჩვენ ვხედავთ რომ სამართალდამცველები ოპერატიულად რეაგირებენ ამ თემაზე და ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ასე მოქმედებას“,- განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მზად არის მათთან შესახვედრად, რომ პირადად გააცნოს კამპანია, რასაც მმართველი გუნდი წარმართავს და იმ პროვოკაციებზე მიაწოდოს ინფორმაცია, რაც მოწინააღმდეგე გუნდის მიერ ხორციელდება:

,,მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩამობრძანდით, ჩვენ მზად ვართ თქვენთან შესახვედრად, რათა ნათლად წარმოვუდგინოთ მათ სურათი თუ რა ხდება რეალურად ზუგდიდში, რაოდენ შედეგზე ორიენტირებულ კამპანიას ვაწარმოებთ ჩვენ და რამდენ პროვოკაციას აქვს ადგილი. ჩვენ უკვე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ და ჩვენ მივაწვდით მათ სრულყოფილ ინფორმაციას.“

ირაკლი ჩიქოვანი ასევე მიმართავს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და მხარდამჭერებს, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ და მიუხედავად იმისა, რა ქმედებებიც არ უნდა ქონდეთ „ენმ“-ის წარმომადგენლებს, მათი იგნორირება მოახდინონ.

,,მივმართავ ყველა აქტივისტს, რომელიც არის „ქართული ოცნების“ რიგებში. ასევე, ყველა მომხრეს და მხარდამჭერს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ წინასწარი მონაცემებით დამაჯერებლად ვიმარჯვებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. მიუხედავად იმისა თუ რას გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება გვიჭირავს ხელში და ამის წართმევას ცდილობენ პროვოკაციის გზით. ზუსტად ეს რომ არ მოხდეს, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივმართოთ სამართალდამცველ ორგანოებს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით. ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ 19 მაისს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სურვილია, ცხადი და ნათელი, აბსოლუტურად ყველა ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი დავამკვიდროთ არჩევნების ახალი სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები არ უნდა დაემსგავსოს საბრძოლო ვითარებას. ეს არის ის დანატოვარი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს კვლავაც აგრძელებს, ეს კი ჩვენი ქალაქისთვის მიუღებელია. ამიტომ, მივმართავ ყველას შეინარჩუნოს სიმშვიდე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი