ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სოფელ ჯიხაშკარის 79-ე უბნის დარბევაში ბრალდებულ გიორგი მხეიძესთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე ჯიხაშკარელების პროტესტის მიზეზი გახდა. ადგილობრივები ხვალ სოფელში მხეიძის მხარდამჭერი აქციის გამართვას გეგმავენ, მანამდე კი სასამართლოსთან განცხადებები გაკეთდა.
„ქართული ოცნების“ მომხრე ჯიხაშკარელები აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტიების გამო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
“გია მხეიძეს სოფელში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს, ის აწყნარებდა ხალხს და ცდილობდა ვითარების განმუხტვას. ის რომ არ ყოფილიყო, არ არის გამორიცხული, ჯიხაშკარში სისხლისღვრაც მომხდარიყო იმ დღეს. დღევანდელი გადაწყვეტილება უსამართლოა და ჩვენ, მისი მეგობრები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ბაბუში ჩუხუა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მხეიძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.