“ქართველი მოდელიანი” ბრუნდება – სიმონ დადიანის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში

“ქართველ მოდელიანად” წოდებული სიმონ დადიანის 20-ზე მეტი ტილო და ორი ქანდაკება 50 წლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.

“თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში უნიკალური საგანძური ბრუნდება! პარიზში ამისათვის ვიყავი – არც მჯერა რომ ეს მოვახერხეთ და ამხელა განძი წამოვიღეთ! ”ქართველი მოდელიანი” – ასე ეძახდნენ მხატვარს რომელსაც სამშობლოში დღემდე კარგად არ იცნობენ, მისი ნახატები კი ამშვენებს სან -ფრანცისკოს, პარიზის მუზეუმებს, გალერეებსა და კერძო კოლექციებს! მასზე აღფრთოვანებით წერდა ფრანგული და ამერიკული პრესა! თვითონაც აღსაფრთოვანებელი გარეგნობისა იყო, დადიანთა შთამომავალი, ერთადერთი ქართველი ვინც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის არმიაში იბრძოდა, მოკლედ მასზე ბევრი გვაქვს მოსაყოლი… ახლა კი ვიტყვი რომ სიმონ დადიანის 20 ტილო და 2 ქანდაკება სამშობლოში ბრუნდება, ეს გადაწყვეტილება მემკვიდრეებმა მიხეილ და ლია ვოდეებმა მიიღეს, ეს შედეგი არ დადგებოდა რომ არა ქალბატონი მია ღვინიაშვილი, სვიმონის შთამომავალი და გულანთებული პატრიოტი, არ დადგებოდა შედეგი რომ არა ჩვენი არჩილ გელოვანი მან სრულად დააფინანსა ეს ძვირადღირებული ტრანსპორტირების, შეფუთვის პროცესი, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მინდა აქედან დაუდასტურო მადლიერება კოლექციის მაღალი კულტურული და დიპლომატიური სტატუსით აღჭურვისათვის, რაც განძის სამშობლოსაკენ ოდისეას დაცულსა და უსაფრთხოს ხდის, კიდევ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილს რომელიც არ მოეშვა ამ რთულ საქმეს და დიდებული საჩუქარი ქვეყანას არ დაუკარგა! მადლობა ჩვენს ელჩს ეკა სირაძე- დელონეს და საელჩოს უფროს მრჩეველს ნოდარ ნუცუბიძეს, მათი გულისხმიერება ეს დღეები პარიზში ძალიან გვჭირდებოდა! მოკლედ შეუფასებელი საგანძური სამშობლოში ბრუნდება, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის მხატვრული კოლექცია 25 წლის დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს ჯერ არ მიუღია! ეს პირველი მერცხალია …. დასაბრუნებელი, ხელახლა აღმოსაჩენი, გასაცნობი და დასაფასებელი კიდევ ბევრია”, – წერს კალანდია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც დადიანების ოჯახი პარიზში დაფუძნდა, სიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი ამერიკაში მიიღო. სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან – ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული.

II მსოფლიო ომის დროს იგი ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.

სვიმონ დადიანი 1950 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენებია:
1953 – 29 ამერიკელი მხატვარი, მონტროსის გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.
1953 – ათი მხატვრის ნამუშევრები, Worth avenue-გალერეა, აშშ.
1952 – ხელოვნების მუზეუმი, სან–ფრანცისკო, აშშ.
1952 – იუკლენდის ხელოვნების გალერეა, აშშ.
1951 – ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.

1974 წელს, სიმონიკა 57 წლის ასაკში, სან ფრანცისკოში გარდაიცვალა. მას სისხლის გათეთრება ჰქონდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი