“რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ლაშა გოგიას პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე “რესპუბლიკელების” სამეგრელოს კოორდინატორმა გიორგი თოდუამ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ღურწკაიამ განაცხადეს, რითიც საკრებულოს წევრების თემურ მარკოზიას და რევაზ თორდიას მიერ “რესპუბლიკელების” ფრაქციის დატოვების ფაქტს გამოეხმაურნენ.
თოდუას განცხადებით, „ეს არის იმ პოლიტიკური კურსიდან გადახვევა, რომელსაც თავის დროზე “რესპუბლიკური პარტია” კოალიციასთან ერთად დაადგა”.
„მათ გადაუხვიეს ყველა იმ პრინციპს დ ა კურსს, რომელსაც ჩვენ ერთად დაუდექით წლების წინ, რომ სწორედ პოლიტიკურ პარტიებზე არ მომხდარიყო ზეწოლა და ყველას ჰქონოდა თაისუფალი არჩევანის უფლება“, – განაცხადა თოდუამ.
გამგეობის პრესსამსაურის უფროს მაია ღურწკაიას მტკიცებით კი, ლაშა გოგიას მხრიდან პარტიის წევრებზე ზეწოლა უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს.
“ის ხან თითონ იბარებდა ჩვენი პარტიის წევრებს, ხან სხვას უშვებდა მათთან და აბარებდა, რომ თუ არ გადავიდოდნენ “ქართულ ოცნებაში”, დაკარგავდნენ სამსახურებს. გამგეობაში ვინც მუშაობს “რესპუბლიკელებიდან”, ყველაზე განორციელდა ზეწოლა”, – აცხადებს ღურწკაია.
ბრალდებებს არ პასუხობს საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია. თემურ მარკოზიამ კი “Newsportal.ge”-ს განუცხადა, რომ არანაირ კომენტარს არ გააკეთებს და მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.