როლანდ ახალაიას საპარლამენტო მანდატი შესაძლოა დროზე ადრე შეუწყდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენის მიღებიდან, სავარაუდოდ მეორე დღესვე კომიტეტის სხდომას მოიწვევენ, სადაც მსჯელობის საგანი ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი იქნება.

“მას შემდეგ, რაც როლანდ ახალაიას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ჩვენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მივმართეთ, რომ განაჩენი მოგვაწოდონ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღეში ჩვენ ეს განაჩენი გვექნება. როდესაც ამ განაჩენის შესახებ გაჟღერდა, გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გახდა ცნობილი. უზენაეს სასამართლოს ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მთლიანი გადაწყვეტილება, მათ შორის სამოტივაციო ნაწილი, იყოს გაწერილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ უკვე ექნებათ მთლიანი გადაწყვეტილება. როგორც კი მას მოგვაწვდიან, 15-დღიან ვადაში საკომიტეტო სხდომას ჩავატარებთ და შესაბამისს დასკვნას მივიღებთ. თუკი დადასტურდა, რომ დეპუტატის მიმართ მიღებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ეს უკვე არის როლანდ ახალაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ჩვენ დასკვნით პარლამენტის ბიუროს მივმართავთ. ბიურო საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიტანს”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი კახიანმა.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება.

სასამართლომ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი