რუსმა ოკუპანტებმა ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე მავთულხლართების შესაცვლელად სამუშაოები დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა, გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მდებარე, უკანონო გამშვებ პუნქტთან, საოკუპაციო მავთულხლართების ბოძების შესაცვლელად, სამუშაოები დაიწყეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა სამხედრო პირებმა, უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შესაცვლელად, ხის ბოძები დილით მიიტანეს.

ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, ვისაც დღეს ეკრძალება თავის თანამომოძმეებთან ურთიერთობა, ყველა ის ადამიანი იზეიმებს იმ დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. ამის მოწმენი ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით. ამდენად, ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული“, – განაცხადა ჟურნლისტებთან მხარის რწმუნებულმა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი