გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ადგილობრივებს რუხის განვითარების კონცეფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ და ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ გააცნეს.
ადგილობრივი მთავრობა რუხის ისტორიული ციხესიმაგრის დატვირთვას სხვადასხვა ახალგაზრდული, სპორტული, მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებებით გეგმავს. მოხდება რუხის ციხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მისი ღია საგამოფენო სივრცედ გამოყენება. სოფელ რუხში ასევე განთავსდება Start UP ინკუბატორი, რაც ხელისუფლების განმარტებით, ახალგაზრდებისთვის, თანამედროვე, თავისუფალ სამუშაო სივრცეს შექმნის.
ზუგდიდის გამგებლის მოადგილის, მამუკა წოწერიას განცახდებით, სოფელ რუხში მექანიზატორის ცენტრი აშენდება, სადაც უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განთავსდება. მისი თქმით, ცენტრის შექმნის შემდეგ 50 ადგილობრივი დასაქმდება.
რუხში მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 264 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.
რუხი მოლის სავაჭრო ცენტრის დირექტორის დავით მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ გახსნილ სავაჭრო ცენტრში ახალი ბრენდული მაღაზიები შემოდიან. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებენ, ასევე დაგეგმილია ღია ბაზრის შეფუთვა, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და ფიტნეს ცენტრის მოწყობა.
სოფელ რუხში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტი საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ 15 მილიონამდე ლარი შეადგინა. მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი.